გენომიკა და ეპიგენომიკა პერსონალიზებულ/ზუსტ მედიცინაში

    2017 წლის 25 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აღინიშნა დნმ-ის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტისა და სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მეორე სამეცნიერო კონფერენცია – „გენომიკა და ეპიგენომიკა პერსონალიზებულ/ზუსტ მედიცინაში: მექანიზმებიდან მკურნალობამდე“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს წლიური მუშაობის ანგარიში და იმ კვლევების შედეგები, რომლებიც მიმდინარეობს დეპარტამენტთან არსებულ მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები – ექიმი-გენეტიკოსები. მათ დამსწრეებს წარუდგინეს საინტერესო კლინიკური შემთხვევები და დიაგნოზირების და მართვის სტრატეგიები.

    კონფერენციაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების მესამე კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული სტუდენტები. კონკურსს მხარს უჭერს ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება. გამარჯვებულები არიან: I ადგილი – ჯონეტა გვაზავა; II ადგილი – ნანული გვაზავა, ლაშა ჯაყელი; III ადგილი – მამუკა ასათიანი და ანა ქურდაძე (აგრარული უნივერსიტეტი). მათი ფოტოები და ესეები გამოქვეყნდება საზოგადოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.geneticsgeorgia.org). გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები. ესეების კონკურსში 58 სტუდენტი მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, აგრარული უნივერსიტეტიდან, სამედიცინო სკოლა „აიეტი“-დან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გამარჯვებულების გარდა გამოვლინდა 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთაც საშუალება მიეცემათ ზაფხულში, სასესიო პერიოდის დასრულების შემდეგ გაიარონ 3-დღიანი კურსი მოლეკულური გენეტიკის კვლევის ტექნოლოგიების გასაცნობად. სურვილის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან მოლეკულური გენეტიკის კვლევის ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებში. ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

    სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ კონფერენციაში და ესეების კონკურსში მონაწილეობა მათთვის უაღრესდ საინტერესო გამოცდილება იყო, რამაც მათ საშუალება მისცა გაცნობოდნენ იმ უახლეს რევოლუციურ ცვლილებებს, რაც დღეს დიდი გამოწვევაა მსოფლიო მედიცინაში. ასევე აღინიშნა, რომ მეხუთე კურსის სტუდენტი კახა ბრეგვაძე, რომელიც წელს მესამედ წარმატებულად მონაწილეობდა ესეების კონკურსში სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების წარდგენით და ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებს ESHG-ის საიუბილეო კონფერენციაზე კოპენჰაგენში, დანია (27-30 მაისი, 2017).

    დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე პროფ. ელენე აბზიანიძემ წამოაყენა ინიციატივა გენეტიკის განათლების და განვითარების ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გენეტიკის სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები. ცენტრის მიერ დაიგეგმება უწყვეტი პროფესიული განათლების მიზნობრივი კურსების, ტრენინგების და გენეტიკის კვლევის მეთოდების შემსწავლელი პროგრამები.

    დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დეპარტამენტის მიერ ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოს, ტომპსონი & ტომპსონი გენეტიკა მედიცინაში, მნიშვნელობას სამედიცინო განათლების ხარისხის მოდერნიზაციაში. ასევე ითქვა, რომ დეპარტამენტი ყოველთვის გამოირჩევა თავისი ინოვაციებით, რასაც ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს.

    იხილეთ პროგრამა

    18318195_10209551946744511_491679891_oIMG_3979  IMG_2233 IMG_2300 IMG_2292   IMG_2295IMG_2276 IMG_2335 IMG_2313    IMG_2314IMG_2321

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter