პროფ. არნდტ როლფსის ვიზიტი თსსუ-ში

     

    2018 წლის 16 ოქტომბერს თსსუ-ს ეწვია ცნობილი ნევროლოგი, გენეტიკოსი, იშვიათი დაავადებების კომპანია Centogene-ის აღმასრულებელი დირექტორი პროფ. არნდტ როლფსი (როსტოკის უნივერსიტეტი, გერმანია), რომელმაც წაიკითხა ლექციები შემდეგ თემებზე: ბიომარკერების გამოყენება იშვიათი დაავადებების სწრაფი და ეფექტური დიაგნოსტირებისთვის და პერსონალიზებული/ზუსტი მედიცინაროგორ გადავლახოთ იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული სირთულეები“. 

    საქართველოში მოკლე ვიზიტის ფარგლებში პროფ. როლფსი აგრეთვე ეწვია თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას. მან კონსულტაცია გაუწია გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტებს და უსასყიდლოდ განახორციელა მათი გენეტიკური ტესტირება Centogene-ის ლაბორატორიაში. პაციენტების შემთხვევები წარადგინა ასოც. პროფ. თინათინ ტყემალაძემ, შეხვედრას მხარი დაუჭირეს პროფ. მიხაელ ლენცემ, პროფ. ნანა გელაძემ და ასოც. პროფ. სოფიო ბახტაძემ.

    უახლეს მომავალში პროფ. როლფსის და Centogene-ის კლინიკური კვლევების გუნდის მხარდაჭერით საქართველო ჩაერთვება საერთაშორისო მულტიცენტრულ ობზერვაციულ პროგრამაში, რომლის მიზანია ახალი ბიომარკერების გამოვლენა შემდეგი დაავადებებისთვის: კისტური ფიბროზი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ტუბეროზული სკლეროზი, ალპორტის სინდრომი, გოშეს დაავადება, მემკვიდრული ანგიოედემა, ალფა მანოზიდოზი, მუკოპილისაქარიდოზები, მეტაქრომატული ლეიკოდისტროფია და სხვა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესრსიტეტის და სხვა სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა აღნიშნულ პროგრამაში საშუალებას მისცემს ქართველ პაციენტებს უსასყიდლოდ მიიღონ ინოვაციური ტექნოლოგიებით განხორციელებული დიაგნოსტიკური პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს შვიათი დაავადებების მქონე პაციენტების გამოვლენას ქვეყანაში.

    პროფ. როლფსი კვლავ ეწვევა საქართველოს 2019 წლის მაისსში, „მე-2 საერთაშორის კონფერენცია ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა: ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტების კონსულტაციები, შეხვედრა სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, რაც ხელს შეუწყობს კოლაბორაციის გაღრმავებას Centogene-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოებას შორის.

    პროფ. როლფსი არის იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევის მთავარი მკვლევარი, მათ შორისაა Sifap პროექტი (www.sifap.eu), რომელიც წარმოადგენს ფაბრის დაავადებასთან ასოცირებული ინსულტის მქონე ახალგაზრდა პაციენტების ყველაზე დიდ კვლევას მსოფლიოში, 30-ზე მეტი იშვიათი დაავადების ბიომარკერების კვლევა და ნეიროგენეტიკური დაავადებების ეპიდემიოლოგიური კვლევა. პროფ. როლფს აქვს გამოქვეყნებული 250-ზე მეტი პუბლიკაცია საერთაშორისო სამედიცინო და სამეცნიერო ჟურნალებში. იგი არის რამდენიმე საერთაშორისო ბიოტექნოლოგიური და ინდუსტრიული კომპანიის კონსულტანტი,  აგრეთვე არის კონსულტანტი EMA და FDA-ში.

    Share on Google+Share on LinkedInShare on FacebookTweet about this on Twitter