ვიზიტი ლუნდის უნივერსიტეტში
თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ე.აბზიანიძე, ასისტ. პროფესორი ე. კვარაცხელია და მეხუთე კურსის სტუდენტი კ. ბრეგვაძე იმყოფებოდნენ ლუნდის უნივერსიტეტში. მათ დახვდნენ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერების ცენტრის დირექტორი მერაბ კოკაია და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი ზაალ კოკაია.
პროფ. მერაბ კოკაიამ სტუმტებს დაათვალიერებინა ნეირომეცნიერების ცენტრი, სამუშაო პროცესები და გააცნო მათი კვლევითი ჯგუფის მიღწევები, რომელიც შეეხება ნეიროპეპტიდების და ნეიროტროფული ფაქტორების როლს თავის ტვინის აღმგზნები და დამთრგუნველი სინაფსური ტრანსმისიების მოდულაციაში და ეპილეპტოგენეზში. ამ მიზნით ისინი იყენებენ ტრანსგენურ ცხოველებს, კერძოდ ინ ვივო ეპილეფსიის ექსპერიმენტულ მოდელებს ინ ვიტრო მიდგომებთან კომბინაციაში (თავის ტვინის ანათლების patch-clamp, ოპტოგენეტიკა). როგორც, პროფ. მერაბ კოკაიამ აღნიშნა კვლევების მიზანია ეპილეპტოგენეზის მექანიზმების უკეთ გაგება, რაც მომავალში გენურ თერაპიაზე დაფუძნებული ახალი სრტატეგიების შემუშავებას შეუწყობს ხელს ეპილეფსიის მკურნალობაში.
ამის შემდეგ პროფ. ზაალ კოკაიამ სტუმრებს გააცნო ღეროვანი უჯრედების სამეცნიერო ცენტრი და ესაუბრა მათ სამეცნიერო მიღწევებზე, რომელიც შეეხება ინსულტის და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის სტრატეგიებს. სამეცნიერო ჯგუფი პროფ. ზაალ კოკაიას ხელმძღვანელობით მიზნად ისახავს ფუნდამენტური და კლინიკური კვლევების ერთმენეთთან შერწყმის გზით ნათელი მოჰფინოს თავის ტვინის იშემიური დაზიანების შემდგომი აღდგენის უჯრედულ მექანიზმებს და შეიმუშაოს მკურნალობის ახალი სტრატეგიები თავის ტვინის ფუნქციის აღდგენისთვის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის გზით.
პროფ. ზაალ კოკაიამ სტუმრებს დაათვალიერებინა ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი და გააცნო უნივერსიტეტში სწავლების სპეციფიკა და პრინციპები.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროფ. მერაბ და ზაალ კოკაიების მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნულ სამეცნიერო სფეროებში და მათი დამსახურება ზოგადად მეცნიერების განვითარებაში და კერძოდ, საქართველოში მათ მიერ ჩატარებული საჯარო ლექციების თუ სხვადასხვა მოღვაწეობის შედეგად.